ბლოგი
საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი
შენ როგორ კითხულობ?

მინი ექსკურსი ბავშვობაში და ბავშვობიდან თინეიჯერობაში…

სახლში მისულმა სწრაფად ამოვიღე სასკოლო ჩანთიდან ყდაგადაქუცული ისტორიის სახელმძღვანელო და კითხვას შევუდექი. ღია ფანჯრიდან მეგობრების ხმაურიანი შეძახილები მოისმოდა. „ორდროშობანას თამაშობენ!”- გავიფიქრე, და კიდევ უფრო მოვუმატე კითხვას. ვიღაცას რომ დავენახე, იფიქრებდა თემურ ლენგის შესახებ მოთხრობილი ისტორია ტანჯავსო. რეალურად კი მტანჯავდა წიგნის კითხვაზე დახარჯული ძვირფასი დრო, რომელიც შეიძლებოდა მეგობრებთან ერთად გამეტარებინა. დაახლოებით ნახევარმა საათმა ნახევარი საუკუნესავით გაიარა და მეც „ნაკითხი“ სახით ეზოსაკენ გავეშურე. სანამ „ორდროშობანას“ ფერხულში ამოვყოფდი თავს, ამაყად გავიფიქრე  – ისტორიაც ვიმეცადინე! ისე დაემთხვა, რომ თამაშში ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა. საღამოს ეზოდან დაბრუნებული კი სათამაშო კომპიუტერს მივუჯექი და თემურ ლენგზე გაბრაზებულმა ტანკების თამაშით ვიყარე ჯავრი. აქაც წარმატება მელოდა. შემდეგ ტურში გადავედი! დილით ჩვეული სიზარმაცით სკოლისაკენ ავიღე გეზი. დღე ისტორიის გაკვეთილით დაიწყო. მოულოდნელად კი მასწავლებელმა დაფასთან გამომიძახა. მერხიდან ნელა წამოვდექი და გავედი დაფასთან. გულში გავიფიქრე „ორდროშობანას“ სათამაშოდ რა სწრაფად გარბოდი და ახლა რა დაგემართა?! მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, დაფასთან მისულს არაფერი აღარ მახსოვდა იქიდან, რაც წინა დღეს წავიკითხე. სკოლის ჟურნალში კი ჩემი სახლის და გვარის გასწვრივ 2-იანი ჩაიწერა. თემურ ლენგთან დავმარცხდი!

თინეიჯერობაში…


ბორჯომის სადგურში ჩამომდგარი ავტობუსიდან ჩამოსვლისას ძმაკაცი შემომეგება. სწრაფი ნაბიჯებით გავუყევით გზას სახლისაკენ, სადაც ანთებული მაყალი, სამწვადე, ღვინო, ქართული და თინეიჯერული ფიქრებით დახუნძლული საღამო გველოდა. მოგვიანებთ თეატრალური ინსტიტუტის გოგოებიც შემოგვიერთდნენ. რატომღაც საუბარი ლიტერატურაზე ჩამოვარდა. გურამ ფანჯიკიძის „თვალი პატიოსანი“ ახალი წაკითხული მქონდა და სწორედ ამ წიგნზე საუბრობდნენ გოგოები. ვიფიქრე გამიმართლა! მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ ბევრად უფრო მეტი დეტალი ახსოვდათ ამ ნაწარმოებიდან, ვიდრე მე. აქაც წავაგე!

ამ ისტორიების მერე დიდი დრო გავიდა და ერთ რაღაცას მივხვდი. ერთია წაიკითხო წიგნი და მეორეა რას დაიმახსოვრებ ამ წიგნიდან. შესაბამისად მივდივართ იმ ლოგიკურ დასკვნამდე, რომ წიგნებს განსხვავებულად ვკითხულობთ. ზოგჯერ სწორად და ზოგჯერ არასწორად. ზოგჯერ მოტივირებულად, ზოგჯერ კი ძალით. ბანალურად ჟღერს, მაგრამ წაკითხული წიგნიდან ვიღაც მაქსიმალურ სარგებელის მიიღებს, ვიღაც კი უბრალოდ ფუჭად დაკარგავს დროს.

შევეცდები მოკლედ და ლაკონურად მოგაწოდოთ ის ნიუანსები, რომლებიც წიგნების სწორად წაკითხვას შეეხება.

ალბათ არაერთხელ ყოფილა მომენტი, როდესაც გადაგვიშლია წიგნი, წაგვიკითხავს და შემდეგ შემოგვიდევს თაროზე. ხშირად წიგნის თაროზე შემოდებასთან ერთად მასში წაკითხულ ინფორმაციასაც გადავდებთ ხოლმე. თან ისე გადავდებთ, რომ საერთოდ აღარც გვახსოვს მის შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ამდაგვარი ქცევით უბრალოდ დროს „ვკლავთ“ და სარგებელს ვერ ვიღებთ.

თუკი წიგნებს კითხულობთ, უბრალოდ დროის „მოსაკლავად“, მაშინ ყველაფერი მარტივადაა, წაიკითხავთ და გადადებთ. თუკი გვინდა რეალური სარგებელი მივიღოთ და ლიმონივით გამოვწუროთ ეს სარგებელი წიგნებიდან, მაშინ აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ და გავითვალისწინოთ ის დეტალები, რომლებზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.

კვლევების თანახმად წიგნის წაკითხვის ოთხი ძირითადი მეთოდი არსებობს. სწორედ აღნიშნული მეთოდების ცოდნა გვეხმარება წიგნებისგან მეტი სარგებელი მივიღოთ.

ელემენტარული წაკითხვა – ეს არის უბრალოდ წაკითხვა, როდესაც ჩვენ ვიყენებთ თვალს და ზედაპირულად (ან ნაწყვეტ-ნაწყვეტ) ვიაზრებთ ფურცლებიდან/ეკრანიდან (ელექტრონული წიგნის შემთხვევაში)  მიღებულ ინფორმაციას. ისტორიის გაკვეთილზე ჩემი თემურ ლენგთან დამარცხების მიზეზი  სწორედ ელემენტარული წაკითხვა იყო.

ინსპექციური წაკითხვა – ეს არის მეთოდი, როდესაც ძალიან სწრაფად გადავავლებთ თვალს ფურცლის დასაწყისს და ბოლოს იმდაგვარად, რომ  გამოვიტანოთ ერთგვარი საკვანძო ინფორმაცია, რომელიც მოცემულია მთელ ფურცელზე. ასეთი მეთოდის გამოყენება კარგ შედეგს იძლევა ორ ძირითად მომენტში: 1. როდესაც მცირე დრო გვაქვს და ამ მცირე დროში გვინდა ზოგადი ინფორმაცია ავითვისოთ წიგნიდან; 2. ეს მეთოდი გამოდგება იმისათვის, რომ გავიგოთ გვინდა თუ არა საერთოდ ამ წიგნის წაკითხვა და მოიცავს თუ არა წიგნი იმ თემებს ან ეხება თუ არა იმ ჟანრს, რომელიც გვაინტერესებს.  ამ უკანასკნელის გაგებაში კარგი იქნება ასევე წიგნის სარჩევს გადავხედოთ და გავარკვევთ, თუ რა ძირითადი თავებისგან და თემებისგან შედგება სახელმძღვანელო. პირადად მე ინსპექტირების მეთოდს ხშირად ვიყენებ მაღაზიაში წიგნის შერჩევის დროს.

ანალიტიკური წაკითხვა – მეთოდი, როდესაც მკითხველი მთლიანად კითხულობს ტექსტს, ყურადღებას აქცევს დეტალებს და ბოლომდე ახდენს წაკითხულის გააზრებას. ასევე, პერიოდულად ახდენს ჩანიშვნების გაკეთებას, თუ რომელ გვერდზე და რომელ აბზაცში წერია მისთვის ღირებული და საჭირო ინფორმაცია.  სპეციალური ლიტერატურის კითხვისას შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ წიგნში მოყვანილი გარკვეული ტერმინები გაუგებარია თქვენთვის. ასეთ დროს კარგი იქნება თუ ინტერნეტის ან უცხო ტერმინების ლექსიკონის (გლოსარიუმის) მეშვეობით გაერკვევით მათ მნიშვნელობაში. ანალიტიკური კითხვის მთავარი მიზანია, რომ ბოლომდე (სრულყოფილად) გავერკვეთ და ავითვისოთ წიგნში მოცემული ტექსტი. ამ მეთოდის გამოყენებისას ხდება წიგნიდან მაქსიმალური სარგებლის მიღება, თუმცა სანამ ანალიტიკურ კითხვაზე გადავალთ, უმჯობესია მოვახდინოთ წიგნის ინსპექტირების მეთოდით წაკითხვა და საბლოოდ ჩამოვყალიბდეთ გვიღირს თუ არა ამ წიგნის ანალიტიკური მეთოდით წაკითხვა. ასევე სასარგებლო შეიძლება იყოს ინტერნეტ სივრცეში მოპოვებული მიმოხილვების (რევიუების) და სხვა მკითხველების გამოხმაურებების  გადახედვა.

კვლევითი წაკითხვა –  ეს მეთოდი ძირითადად გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ თავად ვწერთ წიგნს, ნაშრომს, სახელმძღვანელოს ან ვმუშაობთ რომელიმე კონკრეტულ თემაზე. კვლევითი კითხვის დროს ხდება ერთდროულად რამოდენიმე წყაროდან (წიგნიდან ან ვებ-გვერდიდან) ინფორმაციის მიღება, შედარება და დამუშავება, რათა ბოლომდე დავრწმუნდეთ ამა თუ იმ თეორიის სისწორეში.

ზემოაღნიშნული მეთოდების გაცნობის შემდეგ კიდევ უფრო შემიყვარდა წიგნების კითხვა და ვცდილობ ყოველი წიგნის დაწყებისას მქონდეს პასუხი შემდეგ შეკითხვებზე: – რა მინდა მივიღო ამ წიგნიდან? უბრალოდ გასართობად ვკითხულობ თუ აუცილებლად უნდა დავიმახსოვრო წიგნში მოცემული კონტენტი? ასევე ხშირად ვფიქრობ იმაზე, თუ წიგნიდან მიღებული ინფორმაციის შედეგად რა უნდა შევცვალო ცხოვრებაში და ჩემს ქმედებებში.

როდის წავიკითხოთ?


ორი წუთის შესული ვიყავი წიგნის მაღაზიაში, რომ თაროზე ჩემთვის საინტერესო თემატიკის წიგნს მოვკარი თვალი. სწრაფად ავიღე, გადავფურცლე და ისე ჩავებღაუჭე თითქოს ვიღაცა წართმევას აპირებდა. მაღაზიაში შემდეგი თაროების დათვალიერებისას მორიგი წიგნი აღმოვაჩინე, რომელსაც ასევე არავის დავუთმობდი. დაახლოებით 40 წუთიანი თვალიერების შემდეგ 6 ცალი წიგნით ხელდამშვენებულმა დავტოვე მაღაზია. სახლში მისულმა კი წიგნები სიხარულით შემოვდე თაროზე. ალბათ წელიწადი იქნებოდა გასული, რომ ამ წიგნებიდან არცერთი არ გადამეშალა და უბრალოდ თაროზე შემოდებულებს გავხედავდი ხოლმე ამაყად. აი ისე მეთაური რომ გახედავს ხოლმე რიგში დამწკრივებულ ჯარისკაცებს. ახალი წიგნების ყიდვის შედეგად ჯარისკაცების რიგი კი სულ უფრო და უფრო მატულობდა წიგნების თაროზე. როგორც კი მესტუმრებოდა ფიქრი იმაზე, თუ რატომ არ ვკითხულობდი ახლად შეძენილ წიგნებს, ეგრევე ჩნდებოდა ძლიერი თავდაცვითი ინსტინქტი, რომელიც სხვადასხვა მიზეზებს ასახელებდა. მიზეზი იმდენი იყო, რომ ალბათ მათი ჩამოწერის შემთხვევაში ამ წიგნებზე ბევრად მეტი ფურცელი დასჭირდებოდა. მიზეზების გარკვეული ნაწილი მართლაც ობიექტური იყო, ხოლო უმეტესი ნაწილი კი გამოგონილი, ან საერთოდ ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნებოდა. სად გცალია წასაკითხად? ამდენი საქმე გაქვს! ოჯახი, მეგობრები, ნათესავები, გართობა, ღამის კლუბი, მუსიკის მოსმენა, ფილმები, სოციალური ქსელი და კიდევ სხვა მრავალ მიმზერდა, როგორც კი წიგნების თაროს მივუახლოვდებოდი. სასწორის მეორე მხარეს კი წიგნები ცდილობდნენ გადაეწონათ ამხელა წონის მქონე ჩამონათვალი.

ალბათ ყველა თქვენთაგანს გიფიქრიათ იმაზე, რომ დრო არ გაქვთ წიგნების წასაკითხად. დამტკიცებულია, რომ ადამიანს საშუალოდ 10 წუთში შეუძლია წაიკითხოს და გაიაზროს მშობლიურ ენაზე დაწერილი წიგნის სამი ფურცელი. თუკი დღის მანძილზე 20 წუთს დავუთმობთ კითხვას ეს უკვე ექვს ფურცელს უდრის. თვის მანძილზე ყოველ დღე 20 წუთს თუ დავუთმობთ კითხვას, გამოდის, საშუალოდ 180 ფურცელს წავიკითხავთ თვეში, ხოლო 2-3 თვეში შევძლებთ საშუალო მოცულობის წიგნის წაკითხვას. ამ ტემპით წელიწადში დაახლოებით 4-5 წიგნის წაკითხვაა შესაძლებელი.  დამეთანხმებით, წელიწადში 4-5 საინტერესო წიგნის წაკითხვა და გააზრება წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია. სტატიის ბოლოს მინდა გავიხსენოთ ერთი ცნობილი გამოთქმა „წიგნს ყდით ნუ შეაფასებთ“.

საინტერესო კითხვას გისურვებთ!



ვ.მეზურნიშვილი