კ. ჩალაძის 13
+995 551 830 283
გელას შვებულება უნდა, მაგრამ ფული არ აქვს. ,,ბონუსიც” არ აუღია, კლიენტებთან არ უმართლებს და კიდევ იმიტომ, რომ ლარის კურსი დაეცა, და კიდევ იმიტომ, რომ ….. იმიტომ!
გელა ცუდ ხასიათზეა, ,,ფეისბუქს“ ხსნის და ,,სქროლავს“, მერე კიდევ ,,სქროლავს”, თან სურათებს ათვალიერებს, ნახულობს, რომ თანამშრომლები შვებულებაში არიან, ზღვაზე, კვარიათში.
გელა ნერვები ეშლება. ყველაფერს ,,ლარის კურსს და უიღბლობას“ აბრალებს. ამ დროს კლიენტი რეკავს. გელა არ პასუხობს, ნერვებმოშლილია, თანაც ბოლოს და ბოლოს შვებულებამდე რამოდენიმე საათი დარჩა და რატომ უპასუხოს?!
გელას ,,გელიალური“ იდეა მოსდის თავში. მიკროსაკრედიტოები ახსენდება. მერე რა, რომ ოთხივე ბანკში სესხი აქვს და უკვე დიდი ხანია შავ სიაშია. მაინც ცდის. ალბათ,დაუმტკიცებენ ისე, როგორც მის გაუბედურებულ მეგობარ ბესოს დაუმტკიცეს.
გელა მიკრისაკრედიტოში მიდის, სესხზე განაცხადს ავსებს და ეგრევე უმტკიცდება, მერე რა, რომ ,,სესხის უზრუნველყოფაში“ მეზობლის არარსებულ ქონებას აწერინებს. სესხი მაინც უმტკიცდება.
გელა ბედნიერია, შვებულების ფული იშოვა. გელა მაშინვე ჩალაგებას იწყებ. თავისი ,,ძველი ტროიკის“ თოთხმეტკუბიან ბალონს ბოლომდე ავსებს და 20 ლიტრ ბენზინსაც ამატებს. იმდენ ლიტრს, რამდენიც გელას მანქანას ბოლო ორი წელია არ ღირსებია.
გელა გზაშია, თან ,,ფეისბუქში ჩექინდება“ – ,,გელა იზ თრეველინგ თუ კვარიათი“.
გელა რიკოთზე საცობში ხვდება. აღმოაჩენს, რომ ყველა გელას ერთსა და იმავე დღეს აუღია შვებულება და თანაც ყველა ზღვისპირეთში მიდის.
გელა გვიან ჩადის კვარიათში, მეგობრებს ხვდება, მაგარი დაღლილია, მაგრამ კლუბში მაინც მიდის, ეგეთ ამბავს ვერ გამოტოვებს?!
გელა კლუბშია. ,,რედბულ ვოდკას“ ეძალება, აბა ისე ხომ არ დაიწყებს ცეკვას?! მერე გელას ერთი გოგო მოსწონს და სმას უფრო უმატებს, გოგო სხვანაირად ისე როგორ უნდა გაიცნოს?!
გელა მაგარი ნასვამია, იმენად მაგარი, რომ გოგოსთან მისვლა აღარ უტყდება. გელა და გოგო ცეკვას იწყებენ, უფროსწორედ, გელა ირწევა, გოგო ცეკვავს. მერე რა, რომ გოგო გელას, არ ეცეკვება, გელასთვის გოგო მაინც გელასთან არის.
დილაა. გელას ზღვის სანაპიროზე ეღვიძება, აღარაფერი ახსოვს, თავი უსკდება, ტაქსით ნაქირავებ კოტეჯში მიდის და მთელი დღე სძინავს. საღამოს იღვიძებს, ისევ კლუბში მიდის. აბა, ხომ არ გამოტოვებს? ის ღამეც მსგავსი სცენარით მთავრდება. გელას შვებულების დღეებიც გაჭრილი ვაშლივით გავს ერთმანეთს.
გელა თბილისში ბრუნდება, შვებულება მორჩა. ჯიბეში მხოლოდ 20 ლარი უჭყავის, მაგრამ მაგრა ხასიათზეა. გელამ მაგრად ,,იგულავა“.
გელა თბილისში გვიან ჩადის, სახლში დედა ხვდება, ვახშამი აქვს მომზადებული გელასთვის.
გელა კორპორატიულ ტელეფონს რთავს და გამოტოვებული ზარები და წერილები ხვდება. ალბათ, გელას კლიენტები ურეკავდნენ, მაგრამ გელა შვებულებაში კლიენტების ზარებს ხომ არ უპასუხებდა?!
გელა საწოლში წვება და იმაზე ფიქრობს თუ მეორე დღეს ,,სამსახურში რა გავა“, მერე ფეისბუში შედის და სქროლავს, მერე კიდევ სქროლავს და ლაიქებს ნახულობს. მეგობრებს უკვე დაულაიქებიათ ალბომი სახელწოდებით ,, კვარიათი 2015“.
გელა ახალ სურათებს ტვირთავს და შემდეგ ისევ ,,სქროლავს“. იმდენს სქროლავს, რომ სქროლვაში ეძინება.
გელა ბედნიერია.
ძილინებისა, გელა!
ავტორი: დავით ჩიკვაიძე