None

ნიჭიერი მაგრამ ზარმაცი

  • 17 იან 2021

ამ ბოლო დროს სხვადასხვა სტატია და კვლევა ადასტურებს ზარმაცი ადამიანის უპირატესობას. შემდეგ ბილ გეითსის რჩევაც ,,ყოველთვის დაიქირავეთ ზარმაცი ადამიანი“ . ძალიან საინტერესო არის ხოლმე ის კომენტარები, რომლებიც პოსტს თან მოჰყვება ხოლმე: ძირითადად ყველა თავის სიზარმაცეს ამართლებს და კრება რჩება მხიარული.

სამი წლის წინ ერთერთ გადაცემაში მოწვეული იყო იტალიელი ტოპ მოდელის ბიანკა ბალდის ფეისბუქ გვერდის ადმინი, ქართველი ბიჭი. მთელი გადაცემა ამ ბიჭის წარმატების ისტორიას მიეძღვნა. ყველაზე საინტერესო იყო ის კითხვა, რომელიც დაუსვეს, როგორ მიაღწიეთ წარმატებას? პასუხი იყო უფრო საინტერესო, რომელზეც ყველა ვოცნებობთ - ერთ დღესაც გავიღვიძე და მისი ფეისბუქ გვერდის ადმინისტრატორობა შემომთავაზეს.

ამ ინტერვიუს ყველაზე საინტერესო ნაწილი ის იყო, როდესაც ჩვენს წარმატებულ ქართველ ბიჭს ჩაეკითხნენ და აღოჩნდა, რომ სინამდვილეში ბიანკა ბალდის 500 ჯერ მიწერა, 1000 ჯერ ითხოვა შეხვედრა და არაფერი გამოუვიდა. ბოლოს მის საქმროს მიწერა გულწრფელი მეილი და მისი საშუალებით ბაქოში გაიცნო ბიანკა. ზოგადად ადამიანებს არ უყვართ ხოლმე დეტალების გამომზეურება, თუ სინამდვილეში რამდენი იწვალეს და რა ტალახი ზილეს იმისთვის, რომ კონკრეტულ შედეგზე გასულიყვნენ. მხოლოდ შედეგზე საუბარი უფრო რომანტიკულია.

არადა კვლევაში დადგინდა , რომ გაყიდვებში პირველი კომუნიკაციისას თითქმის არასდროს არ დგება შედეგი და შედეგის მისაღწევად ხუთი და მეტი კომუნიკაციიაა საჭირო. ასევე კვლევებმა დაადგინა, რომ გაყიდვების მენეჯერების მხოლოდ 17% ყოფნის ხუთი და მეტი კომუნიკაციის განსახორციელებლად ნებისყოფა. უმეტესობა მესამე მცდელობის შემდეგ ანებებს თავს.

მეცნიერები ამბობენ, რომ საიდუმლო ადამიანის ხასიათშია. ადამიანის ტვინი არ არის მოწყობილი გრძელვადიანი შედეგებისათვის, რადგან ორი მილიონი წლის განმავლობაში ადამიანი უფრო სწრაფ შედეგებზე იყო ორიენტირებული, რომ გადარჩენილიყო. შესაბამისად, იძახიან, რომ სიბეჯითეც ისეთივე გამომუშავებადი უნარია, როგორც ენის შესწავლა ან სხვა უნარ-ჩვევა.

მოტივაციაც აუცილებელია, მაგრამ როგორც ამბობენ ,,მოტივაცია არის ის რაც საქმეს გაწყებინებს, მაგრამ დისციპლინა და სიბეჯითე ის რაც საქმეს გაგრძელებინებს“ ამიტომ შეიძლება, ჯობდეს რომ მანამ სანამ ,,ნიჭიერი ზარმაცები“ თავს იმართლებენ მათი მხარდამჭერი კვლევებით და სტატიებით, ჩვენ შევქმნათ ჩვენი კონკრეტული საქმეების კეთების სისტემა, რომელიც ჩვენს სიზარმაცეს არ გაამართლებს, გვერდით გაწევს და იმ საქმეებს გაგვაკეთებინებს, რომელსაც მთელი ცხოვრება ვაპირებდით.