ბლოგი
საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი
გელა ,,ანტერპრენერია“
ორშაბათი დილაა. გელა იღვიძებს. უფრო სწორედ, მაღვიძარა აღვიძებს. მეათედ ურეკავს და იმდენჯერ გადაწევს გელა, რომ ბოლოს ფხიზლდება. შაბათ-კვირის დროსტარება უკვე ენატრება. საწოლიდან მძიმედ დგება და იწყებს ფიქრს, თუ რა წავა სამსახურში. პირველ რიგში, ფეისბუქს სქროლავს. გუშინდელი ,,გულაობები“ უკვე ,,დაულაიქებიათ“ და გელაც კმაყოფილი იღიმება. მერე ისევ სამსახური ახსენდება და ცუდ ხასიათზე დგება. ისევ სქროლავს და პოსტს კითხულობს. ვიღაცაზე წერენ, რომ სტარტაპი ,,მოხოდა“ და კარგი ფულიც ჩაახუტეს ხეზე ორნამენტების თლაში. გელა თავისთვის ფიქრობს. ეს რა მაგარი რამე ყოფილა: იდეა გაქვს, ცოტას გაბანტავ, მერე ვინმე მენტორი დაგიმუშავებს და ეგ არის.
გელა უკვე ბედნიერია. მერე ფიქრებში მიდის. თვალწინ წარმოუდგება თუ როგორ აღებს შეფის კარს ფეხით და ეუბნება ,,საკუთარი ბიზნესი დავიწყე“, ძმაო.
უკვე ათი საათია და გელა ჯერ კიდევ არ გასულა სახლიდან. ფიქრებმა გაიტაცა. მერე ახსენდება, რომ ბანკის ვალი აქვს გადასახდელი და კლიენტებს თუ არ შეხვდება, მაგრად გაიჭედება როგორც ყოველთვის.
გელა თავის ძველ ,,ტროიკას“ ახტება და სამსახურში მიდის. საცობში ხვდება. ,,დაგვიანებულების საცობში“, ყველას რომ ეჩქარება. არადა კიდევ რომ დააგვიანოს, მაგარ შარშია. საქმე გაგდებაზე აქვს.
იქვე სასწრაფოს დაინახავს, და უკან ჩაუდგება. ,,ვითომ“ მისიანი მიჰყავთ და ავარიულებს რთავს. გელა სარკეში იხედება და უკან კოლონა მოჰყვება ავარიულებით. გელა ხვდება, რომ ისინიც ,,სასწრაფოს“ გულშემატკივრები არიან.
გელა უკვე სამსახურშია. მემგონი გადარჩა. თათბირზეა უფროსობა. თვითონ ,,სტრარტაპზე“ იდეა არ ამოდის თავიდან.
კომპიუტერს რთავს და ბესოს უყურებს. მერე ახსენდება, რომ ბესოსაც წასვლა უნდა სამსახურიდან, იმიტომ რომ სამსახურში ვერავინ ვერ დააფასა.
გელა ბესოს უზიარებს სტარტაპის თემას. მერე ერთად ფიქრობენ, თუ რა ,,მოხოდონ“. ბესოს კარგი იდეა ებადება თავში. აპლიკაცია - ,,დღის მოტივაცია“.
მერე გელა იდეას ხვეწს და აყალიბებს. ბესოს უხსნის, რომ დილით როგორც კი იღვიძებ, მოგდის შეტყობინება ,, შენ ამას შეძლებ“ , ან რაიმე სხვა დავარცხნილი ფრაზა და მთელი დღე ,,ხოდზე“ ხარ. ბესოსაც მოსწონს იდეა.
შუადღეა. გელა პოტენციურ კლიენტებს ურეკავს.
ფიქრებით თავის სტარტაპშია. გრანტიც ელანდება და დიდებაც, რომელიც გარდაუვალია. ახსენდება, რომ მისი კლასელი ,,ცალტვინა გურამა“ მაგარ ამბებშია და ჟურნალებიდან არ ჩამოდის. ფიქრებიდან კლიენტის ხმას გამოჰყავს ,,აღარ დამირეკოთ ამ ნომერზე, ბაზიდან ამოიღეთ , სანამ მანდ არ მოვსულვარ“. გელა თავისთვის იგინება. კიდევ ერთხელ რწმუნდება, რომ მისი შრომაც არ ფასდება და სტარტაპი სასწრაფოდ ,,მოსახოდია“.
ტელეფონს იღებს და ,,ცალტვინა გურამასთან“ რეკავს. ისიც ხრიკებს ასწავლის. ვის რა კითხოს,ვის რა დააწერინოს რომ სტარტაპის თემა დაქოქოს და ,,მაყუთიც აიღოს“.
გელა ბედნიერია. გეგმა აქვს. გვერდით ბესოსკენ აპარებს თვალს. ბესოს თავზე უფროსი ადგას და თავზე ახურავს ყველაფერს, გეგმა რომ კიდევ ვერ შეასრულა. გელა ბესოს თვალს უკრავს და ანიშნებს, რომ ,,ცოტაც მოითმინოს“ და ყველაფერი კარგად იქნება. ბესო მშვიდდება და უფროსს აღარ ეწინააღმდეგება.
საღამოა. გელა და ბესო კაფე ,, შენ დაუკაში“ სხედან და გეგმებს ალაგებენ, თან მსჯელობენ, იმ გრანტს როგორ და რაში დახარჯავენ. გელა ალბათ ახალ ,,ტროიკას“ იყიდის და ბესოც რამეს იზამს.
გელა სახლშია. ბედნიერია და ცოტა ნასვამი. ფეისბუქს სქროლავს. ბევრ სტარტაპს ხედავს და ხვდება, რომ მომავალი გელასია. დედას ოთახში ჩაი შემოაქვს და ფიქრობს, რომ მისნაირი ბიჭი არავის არ ყავს სამეზობლოში და სანათესაოში. გელას მალე დაიმედებულს ეძინება.
იმედი ნუ მოგშლოდეს გელა.