ბლოგი
საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი
საქმე საქმეზე რომ მიდგება
გასულ კვირას ოფისში მივედი და მომავალი კვირის დაგეგმვა დავიწყე. სადღაც ერთი საათი ვიმუშავე და ყველაფერი ჩამოვწერე-რა, სად,როდის. როდესაც წამოვედი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თითქოს ეს ყველაფერი გაკეთებული მქონდა. კარგი დრო ვატარე სუფთა ნამუსით.
ორშაბათი დღე რომ გათენდა გასაკეთებელ საქმეებს დავხედე და მაგრად დავიძაბე. პირველი ქმედება მეწერა: ბევრ ადამიანთან მქონდა დასარეკი, თანაც მნიშვნელოვან საქმეებზე. მეტს ვეღარ გადავდებდი, საქმე საქმეზე რომ მიდგა, დარეკვა დავიწყე. არ იყო ადვილი, ვიღაცებთან დარეკვა ცოტა ვინანე, ვიღაცსათან არა, მაგრამ დღის ბოლოს მივხვდი, რომ სახეს ვკარგავდი. უფროსწორედ რეალობის წინაშე ვდგებოდი, რომელიც მეუბნებოდა: ,,დობრი ვეჩერ, დავით - არც ისე კარგად არის საქმე“ . ალბათ, ამას ვერიდებოდი.
იცით, ჩვენ ალბათ ვიცნობთ ადამიანებს, რომლებიც ინგლისურად საუბრობენ მაგრამ ინგლისელებთან საუბარს გაურბიან.
ფეისბუქი სავსეა ადამიანებით, რომლებიც სხვას აკრიტიკებენ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება იგივე საქმეს თვითონ ხელს არ კიდებენ.
ხშირად შემხვედრია ისეთებიც, ვინც სულ რაღაც მაგარს აპირებს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, არაფერსაც არ აპირებს.
ფეისბუქზე ალბათ ხშირად გინახავთ, ერთი რომ დადებს გამოგონებას და იქვე კომენტარებში ვიღაც მეგობარს თაგავს: ,, ვახო, იმ დღეს რომ იდეას გეუბნებოდი“, ,,აუ, მეც როგორ მინდოდა და დამასწრეს“ .
სულ მაინტერესებდა, რატომ ვიქცევით ადამიანები ესე-გვინდა, გაკეთების შესაძლებლობაც გვაქვს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება....
ზოგი ფიქრობს რომ ეს სიზარმაცეა, ზოგსაც მიაჩნია, რომ ნიჭთან არის კავშირში.
რამოდენიმე თვის წინ ერთი საინტერესო წიგნი წავიკითხე, სადაც ეწერა - ადამიანები იმიტომ არ იწყებენ ქმედებას რომ მათ ეშინიათ არ დაკარგონ საკუთარი სახე, პიროვნება და საკუთარ თავზე წარმოდგენა. მართალი რომ გითხრათ, თავიდან ვერ მივხვდი, მაგრამ მერე და მერე უფრო ნათელი გახდა.
შეიძლება იმიტომ არ ვიწყებთ იმ საქმეს, რომ გვირჩევნია ვიყოთ ტიპები რომელსაც არ გაუმართლა, ვიდრე ადამიანი რომელმაც სცადა და არ გამოუვიდა.
შეიძლება მთელი ცხოვრება ვაშენებთ ჩვენსავე ძეგლს და ყველაზე ძალიან მისი დანგრევის ან დაზიანების გვეშინია. გვირჩევნია, გმირად დავრჩეთ, რომელიც აპირებდა, ვიდრე დამარცხებულად, რომელიც ჩაფლავდა.
როდესაც რაიმე ახალს აპირებთ, შეიძლება ეგრევე გახსენდებათ ისტორიები: „რა უნდოდა, კაცო, ვერ იყო მშვენიერ და სტაბილურ სამსახურში, რას წამოვიდა, შემდეგ როგორი დაჩაგრული იყო მთელი ცხოვრება. მთელი ცხოვრება რაღაცას ვაპრებთ. სულ, ყოველდღე.
გაყიდვებშიც ეგრეა. ნებისმიერი ,,სეილსმენი“ რომ გააჩერო ზუსტად ჩამოგიყალიბებს, რომ შესადგენი აქვს აქტივობის გეგმა. ბაზები გასაკეთებელი აქვს და კლიენტებთან დასარეკი. საქმე საქმეზე რომ მიდგება, შეიძლება, ბაზების დალაგება გადადოს, იმიტომ რომ როდესაც საქმე ,,ქოფი ფეისთ“ ცილდება და ფიქრი და ანალიტიკა გჭირდება, შეიძლება აღმოაჩინო, რომ არც არაფერი გცოდნია სტრატეგიულ დაგეგმვაში. როდესაც საქმე დარეკვაზე მიდგება, შეიძლება, იქაც აღმოაჩინო, რომ დალაგებული საუბარი არ გცოდნია, იმიტომ რომ სიტყვების მარაგი არ გყოფნის, რადგან წიგნები არ წაგიკითხავს.
მერე ეს შენი სტერეოტიპი შენსავე თავზე ღერაღერა იშლება.
ცნობილია, რომ გაყიდვების მენეჯერებს არ უყვართ გენერალურ დირექტორებთან და მაღალი რანგის მენეჯერებთან საუბარი. შეიძლება, იმიტომ რომ ეშინიათ არ მიხვდნენ სინამდვილეში რა ცოდნა და სტატუსი აქვთ, რასაც ვერ იგრძნობენ შ.პ.ს. ,,მაჩვი 2000“ ის დირექტორთან.
შეიძლება, მეც ესე ვარ, თქვენც და სხვებიც.
რამდენიმე თვის წინ ერთ სუფრაზე მოვხვდი. იმავე სუფრაზე ერთი დიდი კომპანიის დირექტორი იჯდა და გარშემო მსგავსი პოზიციის ადამიანები. იმ დღეს ყველამ მოილხინა დირექტორების გარდა. ძირითადად ფეისბუქში იყვნენ თავით გადაშვებულები. იქვე გვერდით სუფრაზე დამწყები თანამშრომლები იყვნენ და ისეთი დრო ატარეს, რომ ამ დირექტორების ადგილზე მე მაგრად შემშურდებოდა. შეიძლება ამ დირექტორებსაც ეშინოდათ, რომ დირექტორის სახე არ დაეკარგათ.
ერთი კვირის წინ მე და ჩემი მეგობარი ვატო ძალიან საინტერესო ადამიანს შევხვდით. ძალიან კარგი რჩევები მოგვცა: რა კომპონენტებისაგან უნდა შედგებოდეს ,,სეილს ინსტიტუტი“ , როგორც ბრენდი რომ უფრო განვვითარდეთ. ერთერთი კომპონენტი იყო წიგნის დაწერა ჩემი ავტორობით, მე შევიცხადე, რაზეა საუბარი, მაგის დაწერა დაწყებული მაქვს მეთქი. არადა, რომ მკითხო წიგნის დაწერას ვაპირებ სამი წელია, შეიძლება, მეშინია რომ აღმოვაჩინო, ამ წიგნის დაწერის უნარი ჯერ არ მაქვს და არც არასდროს  მქონია.
დროის არქონა მხოლოდ მიზეზია. მაგრამ მერე დავფიქრდი და დავუშვი, ხომ არ ჯობს, რომ სახე დავკარგო, დროულად აღმოვაჩინო, რომ დაწერის თავი მართლა არ მქონია, შემდეგ რაიმე შევცვალო და ვიმოქმედო.
ხომ არ ჯობს, რომ სახე დავკარგოთ, ინგლისელს ვესაუბროთ ან ,,ენტერპრენერობაში“ ხის თლას გავცდეთ და მართლაც ინოვაციური რამ გამოვიგონოთ, რაც მთელი ცხოვრება გვინდოდა.
ხომ არ ჯობს, რომ საქმე საქმეზე რომ მიდგება სახე დავკარგოთ და მერე უფრო უკეთესი სახით ჩვენი ოცნებები რეალობად ვაქციოთ.
რა შემიძლია გისურვოთ თქვენც და საკუთარ თავსაც: ალბათ ის რომ ჩვენი საუბარი რეალურ საქმედ ქცეულიყოს და ხშირად არ გვეთქვას ,,იდეებს რა ვუყოთ“